გამოფენა

გურამ რჩეულიშვილი – Guram Rcheulishviliგურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: “მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ.” მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას…26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში 1960 წლის 23 აგვისტოს, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.გ. რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.