გამოფენა

ჭოლა (ბიკენტი) ბიბონის ძე ლომთათიძე ( 1879 7 ივლისი –1915 –24 ნოემბერი )დაიბადა შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. 9 წლის ასაკში დედით დაობლდა. დედა – ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი, ჭლექით გარდაიცვალა. მას შემდეგ ჭოლას დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა. სწავლობდა სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ შევიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამო თავი დაანება სწავლას და დაიწყო მუშაობა ხიდისთავის ბიბლიოთეკაში.1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში.სამწერლობო ასპარეზზე ჭოლა ლომთათიძე გამოვიდა 1901 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“. მწერლის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში წარმოჩნდა ავტორის შემოქმედებითი ინტერესთა ფართო სპექტრი — სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა და სხვა. რევოლუციონერის ბობოქარმა ცხოვრებამ იგი ერთხანს განარიდა ლიტერატურულ სარბიელს, მაგრამ 1907 წლიდან იწყება მეორე პერიოდი, როცა პატიმრობაში, მძიმედ დაავადებული უბრუნდება თავის საყვარელ შემოქმედებას და ქართულ მწერლობას ამდიდრებს ახალი ნაწარმოებით.1907 წელს გამოქვეყნდა „სახრჩობელას წინაშე”, „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“, „დუმილი“, „მოღალატე“, „უბედური“ და სხვა.ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.